вторник, 7 апреля 2009 г.

თვისკვეთისა


«სწავლა ქადაგება, წმიდასა და დიდებულისა ნათლის-მცემლის თავის კვეთისა, აგვისტოს, კთ. სულო ყოვლად-წმიდაო, შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

 


«მაშინ, ჰიროდი შეიპყრა იოანე, და შებორკილა იგი, და საპყრობილესა შეაყენა, იროდიასათვის, ცოლისა ფილიპეს ძმისა თვისისა» მატთეს შინა სახარებასა თავი დ, და გ:

სხვას ჩემს უღირსს სწავლა ქადაგებაშიაც მომიხსენებია ღვთის-მოყვარენო! როდესაც იმავ პირველ დასაბამითგან მაცთურმან რომ ჩვენი პირველი მამა ადამ ხელიდამ გამოგვტაცა, მაგრამ უფლისა ჩვენის განჳორციელებამ გამოგვიხსნა, მაინც კიდევ არ დასცხრა, და სხვა და სხვა მრავალგავრი ღონე მოიხელოვნა ჩვენს წარსაწყმედად უწინაცა და ახლაც კიდევ მუდამ მოაცდინა და მოსწრაფე არის ჩვენის წარწყმედისა, და ჯოჯოხეთში შთაგდებისა, ვითარცა დიდი იგი მთავარი ოთხთა სამთავროთა მათ, შეაცთუნა და წარწყმიდა საწყალობელი ერთის ბილწის დედაკაცისათვის, ამისთვის მცირედი სიტყვა მოისმინეთ კეთილ-მორწმუნენო, ვინათგან წმიდის ნათლის-მცემლის სიყვარულისათვის სასოებით შემოკრებულხართ, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა ამინ.

წმიდის ნათლის-მცემლის შესაბამის დიდებასა, და საკვირველს ცხოვრებასა მე როგორ შევიძლებ ღვთის-მოყვარენო, ვითარცა ძველი და ახალი წერილი ჭეშმარიტებით მოგვითხრობს, თუ ვითარ იმავ დედის საშოთგან ვითარი განწმედილი, და ღვთისაგან გამორჩეული იყო, და ეგრეთვე კაცთაგანაცა დიდად თაყვანისცემული იყო, და იმისის სწავლისა და ქადაგებისაც დიდად მოშიშებით მსმენელნი და მორჩილნი იყვნენ, ვინათგან იმავ სიყრმითგან ერთს უკაცურსა და უღაღს უდაბნოსა შორსა ადგილსა რასამე მივიდა ჩჩვილი დამტევებელი სახლისა და მშობელთა, და მუნ დაემკვიდრა, და იზრდებოდა მადლითა ყოვლად წმიდასა სულისათა, ძესა სანუკვრად სანოაგედ აქვნდა მკალთაფლი ველური, რომელ უმეტეს მწარე არს, ნაცვლად ტკბილისა სძისა დედისა ძუძუთაგან მოცემულისა.

იოანე ხმა ღაღადებისა წრფელ-მყოფელი, და გამზადებული გზათა სიტყვასა და ღვთისათა, რომლისაგან ყოველნი ხევნები აღმოივსნეს, და ბორცვნი დამდაბლდენ, ცისკარი წინა მაცისკრებელი, მზისა მის სიმართლისა, სანთელი წინა მანათებელი, ნათლისა უსხეულოსა, იოანე ნათლის-მცემელი ჩვენის ცხოვრებისათვის განხორციელებულისა სიტყვისა ღვთისა წინა მორბედი მისი. ჳმა მაღალი ქადაგი, სინანულად მომწოდებელი ცოდვილთა, მერცხალი ჳმატკბილად მხმობელი, და მახარებელი არეჲსა მის წარუვალისა; იადონი ხმა მშვენიერი, გვრიტი უდაბნოს მოყვარე, წინასწარ-მეტყველი, წინა-მორბედი მღვდელი, მოწამე, და მახარებელი ჯოჯოხეთს შეწყვდეულთა გამოხსნისა და აღმოყვანებისა, იოანე ქადაგი სინანულისა, ჩვენცა ესრეთ მოგვიწოდს მბრძანებელი, ,,შეინანეთო ცოდვილნო, რამეთუ მოახლუბულარს სასუფეველი ცათა”!!

ისმინეთ საყვარელნო შვილნო, და იხილეთცა განსაკვირვებელი ცხოვრება სასოებისა ამის თქვენისა დიდებულისა ნათლის-მცემელისა. მოხედეთ და დაინახეთ დიდისა წინასწარ-მეტყველისა და მღვდელმთავრისა მამისა ზაქარიასა და დედისა წმიდისა ელისაბედისგან ნაშობს შვილს ხარებათა ანგელოსისათა. ჩჩვილსა, ნებიერად ფუფუნებით საყვარლად აღზრდილსა, და აწ მოხედეთ ცხოვრებასა ამისსა, ადგილსა ამისსა, და სადგურ სავანესა, საზრდელსა და სამოსსა, და საგებსა ამისსა, და განჰკვირდით, და მადლობით თაყვანისცემდით თუ ვითარ ესოდენსა ჟამსა ოცდაათსა წელიწადსა ვითარსა და რაბამსა მოთმინებასა და ცხოვრებასა შინა არს! ჵოოი საკვირველი და კაცისა ბრძანებისაგან შეუძლებელი გაძლება! რამეთუ თავის საფარველად და სავანედ აქვნდა მთანი და კლდენი, და გამოკვეთილნი ურწყულნი ქვაბნი. ხოლო ლბილად განსვენების ნაცვლად, ქვეშ საგებელად აქვნდა ხმელნი მიწანი, და შიშველნი ქვანი, და სხვა არა რა განსვენება, არცა სამოსნი, და არცა შესახვეველნი, არცა ხამლნი შთასაცმელნი ფერხთა, და არცა საბურველი თავთა, არამედ ერთისა მხოლოდ პირუტყულისა აქლემის ტყავითა შემოსილი, ნახევარითა ხორცითა დაფარული და უმეტესნი შიშველნი ხორცნი ეგრეთ მზისა სიცხოვნებასა, და ზამთრისა ყინვა სიცივესა ეგრეთ მცხოვრები ეგოდენსა წელსა, შიშველი თავითა, და შიშველი ფერხითა! დიდება განმაცხოველსა მისსა შემოქმედსა უფალსა.

ხოლო ამასთანა დაინახეთ, საყვარელნო მორწმუნენო ნათლისმცემელნო, სახენიცა ამისნი, და ნაკვეთნი და ანაგებნი შვენიერნი რამეთუ, მუცელნი აქვნდეს ყოვლადვე შემწვარ, და წმიდანი ხელნი, და მუხლნი ყოვლითურთ დაკანებულ და შემხმარ, ხოლო თვალნი აქვნდეს ყოვლადვე დაუშრომელად ცრემლითა ზავებულნი და აღსავსენი, და სახე ყოვლითურთ უფერულ და დაყვითლებულ, ესე ვითარად მცხოვრები საყვარელნო, ესრედ მხოლოდ და მარტოებით მყოფი, და სხვა არავინ თანა მოყვასი, და თანა მეხმაური, არამედ გველნი ქვეწარმძრომელნი, ჭიანი, და გარეშე მხეცნი, და ნადირნი იყვნეს მისთანა მყოფნი და მცხოვრებნი. ხოლო ვიეთთა და რომელთაცა ესმოდათ, ესე ვითარი ცხოვრება მისი, განკვირვებულნი მივიდიან და შორით დაინახიან მთასა და კლდესა შინა ცრემლითა და წმიდასა ლოცვასა მისსა ევედრებიან, და საღმრთო და წმიდაი პირი და ენა მისი მარადის ესრეთ მხმობელი ღაღადებდა. მე ხმა ღაღადებისა, მე ხმა სინანულისა, განმზადენით გზანი უფლისანი, და ჰყავთ უკუჱ თქვენცა ნაყოფი ღირსნი სინანულისა, რამეთუ აჰა ესერა ცული ძირთათანა ხეთასა ძევს, ყოველმან ხემან რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. შეინანეთ აწვე, და ცოდვათაგან განეშორენით, ჭეშმარიტებასა გიქადაგებ. ეშმაკთაგან განგარინებ, ცოდვათაგან გამოგიხსნი, მაცთუნებელთა თქვენთა განვსდევნი, ნაშობთა იქედნეთასა ჰურიათა ვარცხვნი, სენთა სულიერთა და ხორციელთა თქვენთასა გილხენ, სიმდაბლესა გასწავებ, და სასუფეველსა შინა მიგიწვევ, რომელი იგი თვით სასუფეველი მოვიდა ქვეყანასა ზედა, ღმერთი დიდებისა კაცთათანა ღრუბელთა ზედა სულმცირეთა ხორცთაგან ქალწულისათა ხორც იქმნა, და სიმდაბლით ჩემდა მომართ მოსრულსა ნათელვეც, რომლისაგანცა მე მიხმდა ნათლისრება, რომლისა არა ვარ ღირს განხსნად საბელსა ხამლთა მისთასა. «აჰა ტარიგი იგი და კრავი რომელმან აღიხვნეს ცოდვანი ყოვლისა სოფლისანი. ეჰა ხმა ეგე საწადელი! ეჰა უცხო ესე შესწავებაი, და საკვირველი ნიჭებაი და შვენიერი გამოცხადებაჲ, რამეთუ შენ გშიის, და ჩვენ გამოგვზრდი უკვდავებისა მაგის სანოაგისა სწავლითა. შენ გწყურის, და ჩვენ გვასმევ წყალსა ცხოველსა და დაუშრომელსა. შენ შიშველი, უხამლო, უსარეცელო, ეგოდენსა სიცხე ნეფხვასა მთათა და კლდეთა უნაყოფოთა, და ჩვენ ტკბილითა მაგით ენითა შენითა სულიერითა სამკაულითა შეგვმოს, რომლისა ქადაგებისა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს!»

ისმინეთ მორწმუნენო, და იხილეთცა საკვირველება ნათლისმცემლისა, ვითარმედ ესე ვითარსა მცხოვრებასა ზეცისა კაცსა, და ქვეყანისა ანგელოსსა უსჯულო და უღმთო იგი ჱეროდე შეიპყრობს, შებორკილავს, და საპრობილესა შეაყენებს, ესე ვითარისა მართლისა და ჭეშმარიტისა მხილებისათვის, ვითარცა დასწერს სახარება ვითარმედ ,,ეტყოდა მას იოანე, არა ჯერ არს შენდა ვიტარმცა გესვას ცოლად, ძმის ცოლი შენი”.

ხოლო აქა ვიხილოთ რომელ ხუთ გვარად უსჯულოობა და ცოდვა ქმნა. პირველად ისიძვა, რომელ შემუსრნა ბრძანება და პირველი მცნება ღვთისა სახლსა შინავე თვისსა ქმნა უსჯულოება იგი, ვინადგან ძალედვა ვიტარცა მეფესა მოპოვებად ქალისა ვისამე რავდენისაცა მნებებელ იყოს და არა ინება თვისისა უსჯულოებისა სიმრავლითა.

მეორედ, ვიტარმედ დაღათუ ქმნა შეცოდება, არამედ ნაყროვნებასა შინა სცოდა, ვინათგან სიმთვრალესა და სიღოდასა შინა შემცოდესა უდიდესი სასჯელი აქვს, ვიტარცა წერილარს ვითარმედ ,, სჭამდეს და სმიდეს და აღდგეს სიმღერად განმარისხებელი შემოქმედისა მათისა”. მესამედ, დაღათუ სცოდა, არამედ მრავალთა თანა, ვინათგან განცხადებით მცოდველსა უდიდესი სასჯელი აქვს რამეთუ ურცხვად შეცოდება არს, და შეცოდებისა მისთვისცა არარად შერაცხვა არის, და ესე არს დიდად უსვინდისო შეცოდება. მეოთხედ, ამას ზედაცა სცოდა რომელ, მეფობისა თვისასა პირისა სიმტკიცესა ეცრუა, ამით რომელ მროკველსა მას ბილწსა ქალსა რეცა სამეფოსა თვისისა ზოგადისა აღუთქვა მიცემა, არამედ ფიცი იგი და თვისი იგი უსჯულოებითი მოგონება, ნათლის-მცემლისა თავის მოკვეთაზე შესცვალა, ვითარცა დასწერს სახარება, ვითარმედ ,,დაშეღათ ესწუხნა ჱეროდე, არამედ მიავლინა და მოჰკვეთა თავი იოანესი საპყრობილესა შინა, და მოართვეს თავი მისი ლაკნითა, და მისცეს ქალსა მას, და მან მიართვა დედასა თვისსა”, გასინჯეთ საყვარელნო რომ უსჯულოსა მას წმიდაი იგი ნათლის-მცემელი კიდეც უყვარდა და ერისაგანაც ეშინოდა, ვინადგან დიდად წმიდად მიაჩნდათ, და სასოება ჰქონდათ, მარა ცოდვამ ასე დააბნელა რომ ერთი ბილწი როსკიპი დედაკაცი უფროსღა აღირჩია. სამღთოთა მადლითა და ნათლითაღვსილს ნათლის-მცემელსა, და კიდეც მიეგო რისხვითა ღვთისათა მისაგებელი, რომელ სიცოცხლესავე შინა მატლთაგან დაფქული და შეჭმული შეიქმნა, და ეგრეთვე ქალი იგი და დედაკაცი მისი როსკიპი რისხვითა ცოცხლივ ქვეყანამან შთანთქნა, და ამისთვის გვეშინოდეს ჩვენცა უსჯულოსა და ბილწისა მის შეცოდებისათვის, რამეთუ ბილწი არა წმიდება, ღვთის ხატების მგმობელი არის, და შემცვალებელი ჩვენდა ხატებისა ღვთისა, ხოლო მეხუთედ, უსჯულოება უსჯულოებაზე შესძინა რომელ სჯულს გარდახდა, ასე რომ რადგან ძველი განწესება ასე იყო რომ შვილი დარჩებოდა, იმ თავის ძმის ცოლს ვეღარ შეირთავდა, და ამას რადგან შვილი დარჩა, რომელიც ბილწი იგი ქალი სერსა მას ზედა როკვიდა, არღარა ჯერ იყო შერთავად ძმისცოლისა თვისასა, და ამისთვის შეირისხა ღვთისაგან სასტიკითა და მძიმითა შერისხვითა სულიერადაცა და ხორციელადაცა. პირველად ვინადგან წმიდისა და სანატრელსა მას ნათლის-მცემელსა თავი მოჰკვეთა ერთს ბილწის ქალისათვის, რომელიც ჭეშმარიტს ამხილებდა, და ჩვენც ამისი გვეშინოდე შვილნო, რომ სამღვდელოს კაცს უნდა პატივს ვცემდეთ, და ურიგო არა ვაკადროთ რა, რადგან წმიდისა და უკვდავის მსხვერპლის შემწირველი არის, ერისგანისაგან არა ეკადრება რა. რომელიც მღვდელს შეურაცხ ჰყოპს, ღმერთს შეურაცხ-ჰყოფს, და წმიდა წირვასა, და ეროდესავით ღმერთისც მოჰკითხავს, და ეგრეთვე ეროდემ რომ სჯულის გარდამავალი საქმე ქმნა, და ამისთვისაც დასაჯა ღმერთმან, ეგრეთვე ჩვენც სჯულის გარდამავალს საქმეს უნდა მოვერიდნეთ, თვარემ სხვას შეცოდებისაგან სჯულის გარდამავალი კაცი უფრო წარწყმდება, და ღვთისაგან ემხილება და დაისჯება, და თუ ეს წვრილად და თვითოეულად წარმოგითხრა დიდად გავრცელდება, და მოკლედ მოგახსენებ რომ სამღთო სჯული გუბრძანებს ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი”. უფალი ღმერთი იგი შემოქმედი შენი ასე გიყვარდე3ს, რომ იმისი ბრძანება არ შეურაცყო, კვირა და უქმე შეინახე, ამისთანას დღეს წირვა და ლოცვა მოისმინე, სეფისკვერი აიღე, წელიწადში ერთხელ მაინც წმიდა ზიარება აიღე, და რომელიც მარხვები სჯულისა, და შენის სარწმუნოებისა მოგცემია, ის მარხვა წმიდად შეინახე, და სამხსნილო არა სჭამო.

ამაზე სჯულის დამარხვას გამცნებ, და ღვთის ბრძანებასა, და მცნებას გასწავებ, და რომელიც ქრისტიანობის საკადრისი მოქცევა და რიგი არის იმას მოგახსენებ, რომელიც წერილით ჩემს სამწყოში თვითოს დღესასწაულის ეკლესიისა წარმიგზავნია მიღვწია და დამაშვრალვარ, თუ გამიგონებენ, შეიწყნარებენ და დაიჯერებენ. როგორც უნათლავად კაცის ცხოვნება არ იქნება, აგრეთვე წელიწადში ერთხელ ვინც არ ეზიარება, ეგრეთვე ვინც მკითხავს აკითხვინებს, ეგრეთვე ვინც შვილი თავისს მშობლებს ურიგოდ ახსენებს, და ან მშობლები შვილს კარგად არ დაზრდიან, და ქრისტიანობის რიგს არ ასწავლიან ამათ ღმერთი მოჰკითხავს. იცოდეს რომ ამისთანების მოქმედი სწორედ სჯულის გარდამავალიც არის, და ნამეტანად მკითხავთან მიმსვლელს არას დროს ზიარება აღარ ეღირსება, და კაცის მკვლელის კანონიც მიეცემა, თუ დიდად არ შეინანა, და ჳელი არ აიღო, ღმერთიც ასე ბრძანებს და სჯულის კანონიცა.

ნუ გიყვართ, შვილნო, ღვთის ფიცი, ნურც სიცრუვით ქცევა, და ტყუილი, ნურც მზაკვრება, და ქვეშ ოსტატობით ქცევა პირად სხვა, და გულით სხვა იყოს, ეს ეშმაკებრი ქცევა არის, ქრისტიანობის საკადრისი ყოფა ქცევა არ არის. ნუ გიყვართ ზრახვა და განმკითხველობა, ენის მიტანა, ჩხუბი და შფოთი, ერთმანეთის მტერობა და შური, უძრახობა, პარვა და ტაცება, ვალის მიუცემლობა, მუშის ფასის დაკლება თავ საცილი, ცილისწამება, და ბილწი ლაპარაკი, უმოწყალო გული, ამპარტავანი და მზვაობარი მედიდურობა. ესეები იცოდეთ რომ არც ქრისტიანობის როგო არის, და ამის მოქმედსა, და მოუქცეველს ცოდვილსა წარწყმედაც მიელის და კეთილისაგანაც გამოეხვება, იცოდეს.

ამ ჩემგან მოხსენებულსა, თვით წმიდათჲ მოციქული დასწერს, და დაამტკიცებს პირველს კორინთელთას მიმართსა შინა ეპისტოლესა, თავსა, ვ, და რიცხვსა თ, ვითარმედ ,,არა უწყითა რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონო? ნუ სცთებითო, არცა მეძავთა, არცა მემრუშთა, არცა აჰნგართა, არცა მპარავთა, არცა მტაცებელთა, არცა მამისა და დედისა მაგინებელთა, და არცა მფუცავთა და სხვათა ესე ვითარისა მოქმედთა სასუფეველი ღვთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ”

ესეები რაც მოგახსენე, და წმიდამ მოციქულმაც დაგვიწერა. ამაებზე ვინც ხელს არ აიღებს, და არ შეინანებს, ორსავ სოფელს დაისჯება და შეირისხება, და თუ ხელს აიღებს და შეინანებს, იგინი ღვთისაგან იდიდებიან, და ამ სოფელსაც ისახელებიან; ვითარცა მრავალნი ცოდვილნი მოიქცენ და ცხოვნდნენ: ამისთვის ყოველნი ვევედრნეთ, ყოველნივე, წმიდასა და დიდებულსა ნათრის-მცემელსა იოანეს, რომლისაც დღესასწაულსა და წმიდას ტაძარში მოვსრულვართ, რათა მეოხებისა, და შუამდგომელობისა ჩვენისათვის ევედროს მის მიერ ნათელ-ღებულსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, ვიტარცა ჩვენის სიყვარულისათვის თავისის უკვდავის სისხლის დათხევით საუკუნოს ჯოჯოხეთიდამ გამოგვიხსნა, ეგრეთვე გამოიხსნას საქართველო ქართლი და კახეთი უსჯულოთა მტერთაგან, და ვითარცა დაწერა ცოდვილთა მოუქცეველთათვის ცულითა მოკვეთა ვითარცა ხისა უნაყოფოსა, აგრეთვე მოჰკვეთოს ჩვენგან უსჯულონი, და შემაწუხებელნი ჩვენნი, და მშვიდობის ხმა გარდამოუვლინოს საქართველოს ერსა, და შთაუთხრას გულსა, და ძალი, და შეწევნა მისცეს წმიდის ნათლის-მცემლის მადლმა უდიდებულესსა დიდსა რუსეთის ხელმწიფეს, დიდსა იმპერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს, რათამცა შეწევნა, და მოწყალება, და საფარველი თვისი არა მოგვაკლს, და ყოველნი მტერნი და ორგულნი მისნი დაუმორჩილნეს მადლმან მისმან, ხოლო ჩვენ ამის მიერ დაცულნი და დაფარულნი განსაცდელისაგან საეშმაკოსა, მარადის ცადიდებდეთ იესოს ღმერთსა ჩვენსა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.